- ქონების გადასახადი
ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა ახლოვდება
Levan Tediashvili
2026 წლის 2 ნოემბერი ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა

რა არის ქონების გადასახადი
ქონების გადასახადი ყოველწლიური გადასახადია, რომელსაც იხდით იმის გამო, რომ ფლობთ ქონებას — უძრავ ქონებას, ავტომობილს, მიწას ან ბიზნესის ძირითად საშუალებებს. შემოსავალს არ აქვს მნიშვნელობა: გადასახადი ეკისრება თავად ქონებას.
საქართველოში ეს ადგილობრივი გადასახადია. მას საგადასახადო კოდექსი არეგულირებს (მუხლები 200–206), თუმცა თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიდის. ამიტომ კონკრეტულ განაკვეთს ადგილობრივი საკრებულო ადგენს, კოდექსით დაშვებული ზღვრის ფარგლებში. საგადასახადო პერიოდი კალენდარული წელია.
ეს სტატია მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხება — ანუ თქვენ, როგორც ბინის, სახლის, მანქანის ან მიწის მესაკუთრეს. 2026 წლის შემოდგომიდან წესები საგრძნობლად შეიცვალა და ოჯახების დიდი ნაწილი ამ გადასახადს აღარ იხდის.
რა იბეგრება
ფიზიკური პირი ქონების გადასახადს იხდის ორი სახის ქონებაზე (მუხლი 201):
დასაბეგრი ქონება — ბინა, სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი, დაუმთავრებელი მშენებლობა; მსუბუქი ავტომობილი; იახტა, თვითმფრინავი, შვეულმფრენი. ასევე არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება.
მიწა — თქვენს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ნაკვეთი, 1 აპრილის მდგომარეობით.
თუ ინდივიდუალური მეწარმე ხართ, დამატებით იბეგრება ბიზნესში გამოყენებული ძირითადი საშუალებები (აღჭურვილობა, ინვენტარი და სხვა).
ეს ორი ნაწილი სხვადასხვა წესით მუშაობს: დასაბეგრ ქონებაზე გადასახადი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული, მიწაზე — არა.
ბინა, სახლი, მანქანა: დაბეგვრა დამოკიდებულია ოჯახის შემოსავალზე
ფიზიკური პირისთვის გადამწყვეტია ერთი რიცხვი — ოჯახის მიერ წინა წელს მიღებული ჯამური შემოსავალი. 2026 წლის სექტემბრის ბოლოს მიღებული ცვლილებით ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო შუალედური საფეხური (0.05%–0.2%) გაუქმდა. ცვლილება უკვე ვრცელდება 2026 წელს შესავსებ დეკლარაციებზე, ანუ 2025 წლის შემოსავალსა და ქონებაზე.
ოჯახის შემოსავალი წინა წელს | ქონების გადასახადი (მიწის გარდა) |
|---|---|
100 000 ლარამდე | არ იხდით |
100 000 ლარზე მეტი | ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%–1% |
ზუსტ განაკვეთს ამ დიაპაზონში მუნიციპალიტეტი ადგენს. ბაზა არის ქონების საბაზრო ღირებულება წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
ვინ ითვლება ოჯახად. თქვენ, თქვენი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და გერები, ასევე თქვენთან მუდმივად მცხოვრები და საერთო მეურნეობის მქონე პირები.
რა შედის შემოსავალში. ყველა შემოსავალი, შეღავათების მიუხედავად: დარიცხული (და არა „ხელზე“) ხელფასი, ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, ნებისმიერი სხვა შემოსავალი და სარგებელი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ეთვლება სპეციალური რეჟიმის შემოსავლის 25%.
რა არ შედის. ოჯახის წევრისგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინებით მიღებული ქონება; 2 წელზე მეტი ხნით ფლობილი საცხოვრებელი ბინის გაყიდვით მიღებული თანხა; ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრობიზნესის შემოსავალი.
წლის შუაში ნაყიდი ქონება. გადასახადი ითვლება ფლობის თვეების პროპორციულად. თვე სრულად ითვლება, თუ ქონება იმ თვის 15 რიცხვისთვის თქვენს საკუთრებაშია.
მნიშვნელოვანია: 100 000-ლარიანი ზღვარი მიწაზე არ ვრცელდება. მიწის გადასახადს შემოსავლის მიუხედავად იხდით, თუ შეღავათი არ გაქვთ.
ქონების გადასახადი მიწაზე
მიწა ცალკე იბეგრება და მისი ღირებულება არ ახდენს გავლენას გადასახადის ოდენობაზე — გადასახდელი თანხა დაიანგარიშება მიწის ფართობის მიხედვით. ვალდებულება განისაზღვრება 1 აპრილის მდგომარეობით და იმ დღეს მოქმედი განაკვეთით.
არასასოფლო-სამეურნეო მიწა: საბაზისო განაკვეთი 0.24 ლარია 1 კვ.მ-ზე წელიწადში. საკრებულო მას ამრავლებს ტერიტორიულ კოეფიციენტზე, რომელიც 1.5-ს ვერ გადააჭარბებს. ანუ მაქსიმუმი 0.36 ლარია კვ.მ-ზე.
სასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწა: ფიქსირებული განაკვეთი 1 ჰექტარზე, რომელიც მუნიციპალიტეტისა და მიწის კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. სახნავისა და საკარმიდამოსთვის ის 56 ლარიდან (მაგ., მესტია, ონი) 100 ლარამდეა (თბილისი, მარნეული). სათიბი და საძოვარი ჰექტარზე 5–20 ლარი ჯდება. საკრებულოს შეუძლია საბაზისო განაკვეთი 150%-მდე გაზარდოს.
მაგალითი: 600 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, კოეფიციენტი 1.5 → 600 × 0.24 × 1.5 = 216 ლარი წელიწადში.
ყველაზე გავრცელებული შეღავათები
კოდექსის 206-ე მუხლი ბევრ შეღავათს ითვალისწინებს. ფიზიკური პირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
ბინა, სახლი, მანქანა და სხვა დასაბეგრი ქონება (მიწის გარდა), თუ ოჯახის შემოსავალი წინა წელს 100 000 ლარს არ აღემატება;
საცხოვრებელ სახლზე ან ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწა — საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ფარგლებში;
მრავალბინიან სახლში თქვენი წილის პროპორციული მიწა;
2004 წლის 1 მარტისთვის თქვენს საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა (ვრცელდება ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას I–II რიგის მემკვიდრეებზეც);
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის მიწა იმავე დასახლებაში;
სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელზეც სტიქიამ მოსავლის ნახევარზე მეტი გაანადგურა (მუნიციპალიტეტის ცნობით);
საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება.
მიწის შეღავათი იკარგება, თუ ნაკვეთს იჯარით ან ქირით გასცემთ.
დეკლარაცია და გადახდის ვადები
2025 წლის დეკლარაციას ამ წლის 2 ნოემბრამდე წარადგენთ, ვინაიდან 1-ლი ნოემბერი კვირაა. ხოლო გადასახადს 16 ნოემბრამდე გადაიხდით.
ვალდებულება | შესრულების ვადა |
|---|---|
დეკლარაციის წარდგენა (ქონება — წინა წლის მონაცემებით, მიწა — მიმდინარე წლის) | 2 ნოემბერი |
გადასახადის გადახდა | 16 ნოემბერი |
როდის არ არის საჭირო დეკლარაცია ფიზიკური პირისთვის:
თუ შეღავათების გათვალისწინებით გადასახადი არ გეკისრებათ. თუმცა, თუ შარშან დეკლარანტი იყავით, 1 ნოემბრამდე ამის შესახებ შეტყობინება (ფორმა V-04) უნდა გააგზავნოთ;
თუ შარშან დეკლარაცია წარადგინეთ და არაფერი შეცვლილა — სისტემა გადასახადს წინა წლის ოდენობით ავტომატურად დაგარიცხავთ;
მიწაზე, თუ გადასახადს საჯარო რეესტრის მონაცემებით თავად სამსახური გარიცხავთ.
პრაქტიკული მაგალითი
წარმოვიდგინოთ ოჯახი თბილისში: მეუღლეებმა 2025 წელს ჯამში 130 000 ლარის დარიცხული ხელფასი მიიღეს. აქვთ ბინა, რომლის საბაზრო ღირებულება 2025 წლის ბოლოს 300 000 ლარი იყო, და მსუბუქი ავტომობილი 40 000 ლარად. დავუშვათ, მუნიციპალიტეტის განაკვეთი 1%-ია.
ბინა: 300 000 × 1% = 3 000 ლარი
ავტომობილი: 40 000 × 1% = 400 ლარი
სულ: 3 400 ლარი, გადასახდელი 2026 წლის 15 ნოემბრამდე
თუ იგივე ოჯახის შემოსავალი 95 000 ლარი ყოფილიყო, ბინასა და მანქანაზე გადასახადს საერთოდ არ გადაიხდიდა. გადასახდელი დარჩებოდა მხოლოდ მიწაზე, თუ შეღავათი არ ვრცელდება.
შეჯამება
ფიზიკური პირისთვის ქონების გადასახადი ორ კითხვაზე დადის: რამდენი შემოსავალი ჰქონდა ოჯახს წინა წელს და ფლობთ თუ არა მიწას. 2026 წლის ცვლილების შემდეგ, თუ ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარს არ აჭარბებს, ბინასა და მანქანაზე გადასახადს აღარ იხდით — მიწის გადასახადი კი რჩება, თუ შეღავათი არ გაქვთ.
სტატია ზოგადი ხასიათისაა და არ წარმოადგენს საგადასახადო კონსულტაციას. კონკრეტული შემთხვევისთვის გადაამოწმეთ თქვენი მუნიციპალიტეტის განაკვეთი და მიმართეთ შემოსავლების სამსახურს ან საგადასახადო კონსულტანტს.